ობიექტივი გისმენთ, ირმა ხაზზეა

ადრე facebook-ზე დავწერე, ტაქსის მძღოლს შევხვდი, მომიყვა, რომ ვიეტნამის ომი არა, მაგრამ ავღანეთის, აფხაზეთის ომები თავის ტყავზე  გადაიტანა, ზვიად გამსახურდიას გროზნოში გაყვა, რის გამოც შევარდნაძემ  “იზმენისთვის” გაასამართლა და ახლა დოლარში აღებული ბანკის ვალს ტაქსაობით იხდისთქო. თავის გაჭირვება გამანდო. ის არ დამიწერია, პოლიტიკაზე საუბრით რომ გავაგრძელეთ და ინაშვილი-თარხან-მოურავის აგიტაციით დამემშვიდობა.

ბევრსაც უთქვამს, არჩევნებში ხმას ინაშვილს და თარხან-მოურავს მივცემო. საინტერესოა, რატომ შეიძლება კარგმა, კეთილმა ადამიანმა ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ირმა ინაშვილს მისცეს ხმა?

ბევრი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემთან მოსაუბრე ტაქსის მძღოლს საქართველოსთან შედარებით უფრო ღია და ლიბერალური ევროპა არ ქონდა ნანახი, ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ინაშვილი სხვებზე მეტად „პროქართულის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, თან სხვებზე ნაკლები დაუშავებია (ჯერ), იმას კი დანამდვილებით ვიტყვით,  პოლიტიკაში თანამონაწილეობის განცდის ამბავიც რომ მნიშვნელოვანია, რაღაც რომ გტკივა, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, თან არავინ გისმენს. საშინელი განცდაა.31545_video

დარწმუნებული ვარ, არჩევანი რომ იყოს გასაკეთებელი, გაჭირვებული ადამიანი თავის ყოფაზე  აზრის გამოსათქმელად, 2 დღის საჭმელს დათმობდა და დარეკავდა ობიექტივში ირმასთან და ეცდებოდა, სათქმელი 30 წამში ჩაეტია.

  • ობიექტივი გისმენთ, ირმა ხაზზეა.
  • გამარჯობა ირმა.

კიდევ ბევრი მიზეზია. პოლიტიკური ელიტები რომ ვერ ქმნიან სხვებისთვის პროცესებში თანამონაწილეობის განცდას, ეგ ვიცით და ვერც არსებული პოლიტიკის ინტელექტუალი კრიტიკოსები რომ ვერ ბედავენ უკეთესი პოლიტიკისთვის ძალაუფლების ხელში აღებას, მაგასაც ვხედავთ.

პირიქით ხდება, ამომრჩევლებს ძირითადად ეჩხუბებიან და თავის პოლიტიკურ ზონდერებს მათგან განსხვავებულებს უქსევენ.

ბავშვების ჩხუბი ხომ გინახავთ, ერთმანეთს სანახევროდ გამეტებით რომ ურტყამენ, მერე რომ მოიღუშებიან, ცოტას იტირებენ და გაშველების მერეც ხუთი-ათი წუთი ნაწყენები რომ არიან ერთმანეთზე. პოლიტიკაშიც ეგრეა, ოღონდ აქ ყველა ყველაზეა ნაწყენი.

არადა, შეიძლება 2016 მაგარი მურტალი გამოდგეს. ინაშვილებით, თარხან-მოურავებით, ბურჯანაძეებით და ადა მარშანიებით.

დაუგროვებელი პენსია 2020

„საქართველო 2020-ს“ დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამთავრობო ხედვას, რომელშიც აღნიშნულია არსებული მდგომარეობა და წარმოჩენილია 2020 წლისთვის მისაღწევი მიზნები. დოკუმენტი 2013 წელს შეიქმნა, მაგრამ მასში აღწერილი რეფორმების უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე დარჩა.

„2020“-ში  გაცხადებული ერთერთი რეფორმა, რომლის დანერგვაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს, შეეხება დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომლის ამოქმედებას, როგორც საპენსიო სამსახური აცხადებს, მთავრობა 2017 წლისთვის აპირებს. რეფორმის ჩატარების არგუმენტად დემოგრაფიული ვითარების ცვლა და სამთავრობო ხარჯების შემცირება არის მოყვანილი.

ცნობილია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყნაში პენსიონერთა რაოდენობა მზარდია და დღეს არსებული დემოგრაფიული ცვლილების გათვალისწინებით, 2050 წლისთვის საქართველოშიც რთული ვითარება იქნება, კერძოდ მოსახლეობის 25% იქნება პენსიონერი. ეს  ნიშნავს, რომ საჭიროა ქმედითი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც აგვარიდებს სოციალური დანახარჯების მუდმივ ზრდას.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, თუმცა მთავრობა არც საყოველთაო სოციალურ დამხარებაზე აპირებს უარის თქმას. გამოდის, რომ 2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, სისტემით მოსარგებლე ბენეფიციარი ორჯერად დახმარებას მიიღებს, რომლიდან ერთს სახელმწიფო გასცემს, ხოლო მეორეს თვითონ, სახელმწიფოს დახმარებით  დააგროვებს.

საპენსიო სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დასაქმებულის თანხმობის შემთხვევაში გამოყოფს დასაქმებულის ანაზღაურების პროპორციულ 6%-იან აქტივს, რომლიდანაც, როგორც საპენსიო სამსახური განმარტავს, 2%-ს დასაქმებული, 2%-ს მთავრობა, ხოლო დანარჩენ 2%-ს ბენეფიციარის დამსაქმებელი გამოყოფს. სისტემის უკეთ ილუსტრირებისთვის შეგვიძლია ჩამოვწეროთ კონკრეტული ციფრებიც. მაგალითად, თუ დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავალია 1 000 ლარი, საპენსიო სისტემაში დასაქმებული გადაიხდის 20 ლარს, 20 ლარს სახელმწიფო და 20-საც დამსაქმებელი.

მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო აქტივში გადახდილი თანხის არსებობა ავტომატურად ზრდის დამსაქმებლის მხარჯველობით ტვირთს, დასაქმებულის ხელფასის 2%-ის პროპორციულად. დასაქმებული ვალდებული იქნება ისევ გადაიხადოს საშემოსავლოს გადასახადი 20%-ს ოდენობით, ხოლო დამსაქმებელს ემატება ვალდებულება წინასწარ განსაზღვრულ ანაზღაურებას დაუმატოს საპენსიო ფონდში გადახდილი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს ოდენობით. დიდი შანსია, რომ საგადასახადო სისტემაში ამგვარმა ცვლილებამ, კერძოდ კი დამსაქმებლის იძულებამ, გადაიხადოს დასაქმებულის ხელფასის დამატებითი 2%, შექმნის ხელფასის შემცირების მოთხოვნას.

ეს ნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით, მთავრობა ზრდის გადასახადის ოდენობას 22%-მდე, რომლიდანაც 22%-ს გადაიხდის დასაქმებული, ხოლო დამატებით 2%-ს დამსაქმებელი გადაიხდის. საინტერესოა, რომ პროგრამის ამუშავებისთანავე დაგროვებითი საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული მოქალაქე, და სისტემიდან გამოსვლის საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დასანერგად, მთავრობას მოუწევს საერთო სახელმწიფო რეფერენდუმის დანიშვნაც ან საკონსტიტუციო ნორმის ცვლა, რადგან, დასაქმებულის თანხმობა ავტომატურად ნიშნავს დამსაქმებლის დავალდებულებას იხადოს ხელფასის დამატებით 2%. კონსტიტუცია გადასახადების გაზრდაზე ამბობს : „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებასთან ერთად, მთავრობა აპირებს სახელმწიფო სოციალური პენსიის დატოვებასაც. გამოდის რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა იქნება სახელმწიფო სოციალური პენსიის დანამატი, რომელიც როგორც საპენსიო სამსახურში აცხადებენ, ინფლაციის გათვალისწინებით დღევანდელი პენსიის (160 ლარი) ეკვივალენტი იქნება. ამ ვითარების გათვალისწინებით, რთული სათქმელი იქნება, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო შეამციროს სამთავრობო ხარჯი სოციალური დახმარებების ნაწილში.

აღნიშნული რეფორმა შეეხება დღევანდელი მოსახლეობის დაახლოებით 15-20%-ს. დანარჩენი მოსახლეობა ან უმუშევარია ან თვითდასაქმებული. საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს უმუშევარი მოსახლება 13%-ს, ხოლო თვითდასაქმებული მოსახლეობა 48%-ს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, პროექტის მომავალ ბენეფიციარებს დაუწესდებათ ზედა ასაკობრივი ლიმიტიც.

ამ სისტემის ჩაშვებისას, სისტემაში ყველა დასაქმებული ავტომატურად ჩაერთვება, თუმცა, ექნებათ 6 თვიანი ვადა, რომ უარი თქვან და გამოვიდნენ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან. ამ სისტემით, შრომისუნარიანი ადამიანის პენსია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი გამოიმუშავა ცხოვრების განმავლობაში, რამდენი იყო მისი ანაზღაურება და რამდენი შეიტანა მან საკუთარი საპენსიო ფონდის ანგარიშზე.

პროექტი მრავალწლიანია. რისკების დივერსიფიკაციის მიზნით, ფონდის ნახევარზე მეტი ჩაიდება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო დანარჩენი უცხოეთისაში. გაურკვეველია ისიც, თუ კონკრეტულად საითკენ იქნება მიმართული და ვის ხელში აღმოჩნდება ეს თანხა.

ბოლო წლებში განსაკუთრებული სისწრაფით იცვლება თანაფარდობა პენსიონერებსა და შრომისუნარიან მოსახლეობას შორის. საბიუჯეტო სახსრების საყოველთაო პრინციპზე დატოვება მხოლოდ გაზრდის ვალდებულებით ნაწილს და ხელს ვერ შეუწყობს ფულის რაციონალურ გადანაწილებას.

პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ბენეფიციარმა საპენსიო სისტემაში შენატანები განახორციელოს ათწლეულების განმავლობაში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი სიბერისთვის საჭირო საკმარისი თანხა დაუგროვდეს. საუბარია დაგროვების 20, 30 და 40 წელზე. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყველა ხელისუფლების ცვლის შემდეგ, ყველა ახალმა ხელისუფალმა გააგრძელოს და განავითაროს სისტემა, რაც გამომდინარე ქართული პოლიტიკის არასტაბილურობიდან, დამატებითი  რისკია. მსოფლიოში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დაგროვებითი სისტემები ხშირ შემთხვევაში კოტრდებიან, რადგან ნებისმიერ დროს, როდესაც მთავრობას ექმნება ლიკვიდურობის პრობლემა, მთავრობა იყენებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანხებს და მათ შესავსებად იღებს დამატებით ვალს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახეზე გვაქვს მოსახლეობის დაბერება, ფაქტია, რომ  წლების განმავლობაში გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯვითი ტვირთი. მაგალითად – დღეს, საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებს დაახლოებით 700 000 ადამიანი, ხოლო სახელმწიფოსგან მათ მიმართ აღებული ვალდებულებების დასაფარად იბეგრება დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანი. ამის საპირისპიროდ, უნდა მოხდეს ხარჯების მიზნობრივი, სოციალურ სიდუხჭირეზე დამოკიდებული გადანაწილება.

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, საბიუჯეტო დახმარების მიმღები ყველაზე დიდი ჯგუფი ასაკოვანი ადამიანები არიან, მიუხედევად იმისა, რომ სტატისტიკურად, ნახევარზე მეტი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრეობს საშუალო და შეძლებულ ოჯახში. 65 ათასი ასაკოვანი ცხოვრობს დაახლოებით თვეში 10 000 ლარი შემოსავლის მქონე ოჯახში, ხოლო 32 ათასი ასაკოვანი 250 ლარი შემოსავლის მქონე ოჯახში.

ზემოთ ხსენებული საოჯახო მეურნეობების მიერ შემოსავლების განსხვავებულობის  გათვალისწინებით, ნათელია, რომ საპენსიო რეფორმა უნდა განვითარდეს არა საყოველთაობის, არამედ მიზნობრიობის გათვალისწინებით და დაეფუძნოს მხოლოდ ღარიბი მოსახლეობის დახმარებას, რადგან ფაქტია, რომ ყველა ვერ დააგროვებს და ყოველთვის იარსებებს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერ იარსებებს.

საჭიროა ოჯახური მეურნეობების შემოსავლების აღრიცხვა და დახმარების მიზნობრივი გადანაწილება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ოჯახის წევრების რაოდენობითა და ოჯახის წევრების საერთო შემოსავლებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ავცდებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის არგუმენტად მოყავანილ საბიუჯეტო ხარჯების ზრდას.

“შარდის ანალიზის” ანალიზი

Drug_Testing11.25

ივნისში, ქუთაისელი ლევან აბზიანიძე იმის შემდეგ გარდაიცვალა, რაც სამართალდამცავებმა დააკავეს და ნარკოტესტირებისთვის მოშარდვის დასაჩქარებლად 3 აბი შარდმდენი საშუალება დაალევინეს. აღნიშნული ტრაგედია ნიუსებს შორის ჩაიკარგებოდა, რომ არა სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბოლო წლებში წამოწყებული აქტიური კამპანია.
2006 წლიდან მოყოლებული, „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულ მოქალაქეებს შარდის ტოქსიკოლოგიურ ანალიზს უტარებენ და ანალიზის დადებითი პასუხის შემთხვევაში ან ადმინისტრაციულ ჯარიმას ან სისხლის სამართლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას აკისრებენ. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2013 წლის მონაცემებით, არანებაყოფლობითი ანალიზი ჩაუტარდა 60 ათასზე მეტ ადამიანს და მათგან 70%-ს უარყოფითი პასუხი აღენიშნა. აქედან გამომდინარე, შეიძება ითქვას რომ გონივრული ეჭვი რეალურად არაგონივრულია და მხოლოდ პოლიციის მხრიდან დაკავებულების  შერჩევის ინტუიციურობაზე მიგვანიშნებს.

ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის ეს მეთოდები არსად ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში არ გამოიყენება. ამ პოლიტიკის მომხრეების გასაგონად უნდა ითქვას, რომ ასეთი მეთოდით არც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება მცირდება და ვერც ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. პირიქით, სახეზეა სახელმწიფო ფინანსებისა და ადამიანური რესურსის ფლანგვა, სულ რომ აღარაფერი ვთქვათ, ნარკოტესტების გამო შემოწმებულ პირთა დამცირებასა და შემოწმების მავნებლურ პრაქტიკაზე. ნარკოშემოწმების ეს სისტემა არაეფექტური და ძვირია. ამ პრობლემაზე მიგვითითეს ევროპელებმაც. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე ანგარიშში, ევროკომისია მთავრობას მიუთითებს, რომ საჭიროა ხელისუფლების მიერ სასამართლოს როლის გაძლიერება, პოლიციის მიერ დაუგეგმავი ნარკოტესტირების პროცესში.

როგორც საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტისა და დამოუკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყო, ნარკომომხმარებლების ქცევა ნარკოტესტირების შედეგად სადამსჯელო ზეგავლენის გამო, აბსოლუტური  უმრავლესობის შემთხვევაში არ შეცვლილა (89%) და მათმა უმრავლესობამ ნარკოტიკების მოხმარება დასჯის შემდეგ 3 თვის განმავლობაში გააგრძელა, ხოლო უკლებლიბ ყველამ 11 თვეში.

ნარკოშემოწმების მოქმედი სისტემა შეურაცხყოფილი მოქალაქეების გარდა, აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. მაგალითად :

  • კრიმინალური და საპატრულო პოლიცილების თავისი ოფიციალური მოვალეობის შესასრულებელი დროს ხარჯვა;
  • ანალიზების რაოდენობა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;
  • საქმეების რაოდენობის ზრდა და მათზე დახარჯული ადამიანური რესურსი და ა.შ.

საყურადღებოა, რომ ნარკოლოგიური ტესტირების წლიური ბიუჯეტი, რომელიც მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს, შექმნილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ტესტირება ჩაუტაროს ნარკოტიკის მოხმარებაში ეჭვმიტანილ პირებს. 2010-2013 წლების განმავლობაში, შსს-ს ინფორმაციით ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა 142 716-მა ადამიანმა, აქედან ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდასტურდა 76 535-ს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ნარკოლოგიური შემოწმება სახელმწიოს 52 ლარი უჯდება, სახელმწიოფომ 3,9 მილიონი ლარი გაფლანგა.

ნარკოტიკებისა და დანაშაულის გაეროს ოფისის (UNODC) მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო დაპატიმრეულთა 70-98% ნარკოტიკების მოხმარებას უბრუნდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ჩაუტარდათ ეფექტური მკურნალობა.
როგორც აღმოჩნდა, ფულადი ჯარიმებისა და საპატიმრო დაწესებულებაში გამოკეტვა ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებელ ქმედებად ვერ გამოდგება. დასჯისა და დაპატიმრების შიში არ არის საკმარისი ადამიანისათვის მოხმარებაზე უარის სათქმელად და მხოლოდ მომხმარებლების ქცევას ცვლის, ცდილობენ რა საჯარო სივრცისგან თავის არიდებას.

2006 წლიდან მოყოლებული, ათობით ათას მოქალაქეს ნარკოლოგიური შემოწმების დამამცირებელი პროცედურის ულახავს ღირსებას. ნარკომომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება უშედეგოა. გარდა იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის რესურსების ფლანგვაა, დიდი სოციალური ხარჯი და შედეგობრივად უმნიშვნელოა.
ყველაფერთან ერთად, არსებული ბიოლოგიური მასალის იძულებითი ჩაბარების პრაქტიკა ანტიკონსტიტუციურია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის 8-ე პუნქტის თანახმად „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“, რაც ნიშნავს მოქალაქის იძულებას საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის ცვლილებებისა და მსოლიოს განვითარებულ ქვეყნებში  გააქტიურებული ლეგალიზაციის ტალღის საპირწონედ, განსაკუთრებით უხერხულია საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ადამიანთა ჩაგვრაზეა დაფუძნებული.

“ქართული ნაციონ…

“ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.”

მიხეილ ჯავახიშვილი

რესპუბლიკური 2016

Imageამერიკის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის ზედიზედ მეორე დამარცხებამ GOP-ი რთულ ვითარებაში ჩააგდო. პოლიტიკური თეორეტიკოსები ალაპარაკდნენ რესპუბლიკელების მხრიდან საარჩევნო სტრატეგიების ცვლილებების აუცილებლობაზე.

აღმოჩნდა რომ, მით რომნის ამერიკის შიგნით დემოგრაფიულ ცვლილებებზე პასუხი არ ქონდა. კერძოდ, რესპუბლიკელებმა დემოკრატებისგან განსხვავებით, ესპანურენოვან, აფრო-ამერიკელ და მდედრობითი სქესის ამომრჩეველთა შორის მცირე ხმების რაოდენობა დააგროვეს და დემოკრატებს მხოლოდ თეთრ კანიანი მამაკაცების რაოდენობით აჯობეს.

ამერიკელი პოლიტიკური თეორიტიკოსების აზრით, 2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატები ეცდებიან ერთდროულად ორი, დამოუკიდებელი ამომრჩევლებისა და მართლმორწმუნე კონსერვატორების გული დაიპყრონ.

2012 წელს რესპუბლიკელებს განსხვავებული სტრატეგია ქონდათ. მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ Tea Party-ს კონსერვატორებსა და ზომერ რესპუბლიკელებს შორის. საბოლოო ჯამში კი, მხოლოდ ზომიერი რესპუბლიკელების მხარდაჭერას დასჯერდნენ და გაანაწყენეს Tea Party-ს აქტივისტები.

ობამასთან წაგებული არჩევნების შემდეგ, რესპუბლიკელი კონსერვატორები 2016 წლის საპრეზიდენტო ორთაბრძოლაში რომნისთან შედარებით მეტად მდგრად და შეუვალ კონსერვატორ კანდიდატს ელიან. რესპუბლიკურ პარტიას 2016 წლის არჩევნებში 2012 წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის რეალური ფავორიტი არ არსებობს, თუმცა ძირითადად 5 კანდიდატი გამოიყოფა.

პოლ რაიანი. 

ახალგაზრდა რაიანი ცნობილია თავისი საბიუჯეტო ხედვებითა და მცირე მთავრობის იდეებით. მცირე ასაკისა გამო მას ხშირად რესპუბლიკურImageი პარტიის ვარსკვლავ ბიჭუნას ეძახიან. ახალგაზრდა რესპუბლიკელმა 2012 წელს მით რომნის საპრეზიდენტო კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც გამოჰკრავდა ხელს. საზოგადოებრივ გამოკითხვებში რაიანი რესპუბლიკელ ამომრჩეველთა შორის 17%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მარკო რუბიო Image

ფლორიდის შტატის წარმოშობით კუბელი სენატორი მარკო რუბიო რესპუბლიკელების ამომავალი ვარსკვლავია. ითვლება, რომ რუბიოს საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა რესპუბლიკურ პარტიას ესპანურ ენოვანი ამომრჩევლის სიმპათიას მოუტანს. ეს კი შეიძლება 2016 წელს გასამართ არჩევნებში გარდამტეხი მომენტი გამოდგეს. რუბიო Tea Party-ს აქტიური მხარდაჭერის გარდა, საზოგადოებრივ კვლევებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის 19%-ით პირველ ადგილზეა.

ქრის ქრისთი Image

მართალია ქრისტიმ 23 აგვისტოს უარი განაცხადა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა მისი ცნობადობისა და 14%-იანი რეიტინგის გათვალისწინებით ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რას გააკეთებს ის 3 წლის შემდეგ. ტრადიციულად დემოკრატიული შტატის, ნიუ ჯერის გუბერნატორი ქრისთი, ნეიტრალურად და დემოკრატების სასარგებლოდ განწყობილ ამომრჩეველთა შორის დიდი სიმპათიით სარგებლობს. თუმცა, ქრისტის არ წყალობენ მართლმორწმუნე კონსერვატორები (Tea Party) და სავარაუდოა, რომ ისინი არც საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭერენ მას მხარს.

რენდ პოლი. Image

რენდი რონ პოლის შვილია. ლიბერტარიანელი ‘ბიძია რონი’, როგორც რენდის მამას ამერიკაში ეძახიან, რესპუბლიკური პარტიის შიდა პრაიმერში 2012 წელს ღებულობდა მონაწილეობას, თუმცა მით რომნისთან დამარცხდა. სავარაუდოა, რომ რენდი ლიბერტარიანელი ამომრჩევლებისა და ახალგაზრდა ამერიკელების დიდი ნაწილის მხარდაჭერით ისარგებლებს. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, რენდი ამომრჩეველთა 15%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

ჯეფ ბუში. Image

ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯეფი, ბუშების საპრეზიდენტო ოჯახის წარმომადგენელია. მან 2008 და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. რესპუბლიკელები ეცდებიან თეთრი სახლისთვის ორთაბრძოლაში ბუშების შემორჩენილი გავლენა გამოიყენონ. ფლორიდის შტატისთვის არჩევნებში ბუშმა კუბელი ამერიკელების 80% და არა კუბელი დანარჩენი ესპანურენოვანი მოსახლეობის 56% მიითვალა. ბუში დაქორწინებულია მექსიკელ ამერიკელზე და ბრწყინვალედ საუბრობს ესპანურად. ვარაუდობენ, რომ ბუში ესპანურენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერით ისარგებლებს. საზოგადოებრივ გამოკითხვებში ბუშს 10%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ზემოთ ხსენებული ხუთი ძირითადი კანდიდატის გარდა ასევე სახელდებიან : ტეხასის გუბერნატორი ტედ ქრუზი, ლუიზიანას გუბერნატორი ბობი ჯინდალი, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.