დაუგროვებელი პენსია 2020

„საქართველო 2020-ს“ დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამთავრობო ხედვას, რომელშიც აღნიშნულია არსებული მდგომარეობა და წარმოჩენილია 2020 წლისთვის მისაღწევი მიზნები. დოკუმენტი 2013 წელს შეიქმნა, მაგრამ მასში აღწერილი რეფორმების უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე დარჩა.

„2020“-ში  გაცხადებული ერთერთი რეფორმა, რომლის დანერგვაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს, შეეხება დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომლის ამოქმედებას, როგორც საპენსიო სამსახური აცხადებს, მთავრობა 2017 წლისთვის აპირებს. რეფორმის ჩატარების არგუმენტად დემოგრაფიული ვითარების ცვლა და სამთავრობო ხარჯების შემცირება არის მოყვანილი.

ცნობილია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყნაში პენსიონერთა რაოდენობა მზარდია და დღეს არსებული დემოგრაფიული ცვლილების გათვალისწინებით, 2050 წლისთვის საქართველოშიც რთული ვითარება იქნება, კერძოდ მოსახლეობის 25% იქნება პენსიონერი. ეს  ნიშნავს, რომ საჭიროა ქმედითი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც აგვარიდებს სოციალური დანახარჯების მუდმივ ზრდას.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, თუმცა მთავრობა არც საყოველთაო სოციალურ დამხარებაზე აპირებს უარის თქმას. გამოდის, რომ 2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, სისტემით მოსარგებლე ბენეფიციარი ორჯერად დახმარებას მიიღებს, რომლიდან ერთს სახელმწიფო გასცემს, ხოლო მეორეს თვითონ, სახელმწიფოს დახმარებით  დააგროვებს.

საპენსიო სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დასაქმებულის თანხმობის შემთხვევაში გამოყოფს დასაქმებულის ანაზღაურების პროპორციულ 6%-იან აქტივს, რომლიდანაც, როგორც საპენსიო სამსახური განმარტავს, 2%-ს დასაქმებული, 2%-ს მთავრობა, ხოლო დანარჩენ 2%-ს ბენეფიციარის დამსაქმებელი გამოყოფს. სისტემის უკეთ ილუსტრირებისთვის შეგვიძლია ჩამოვწეროთ კონკრეტული ციფრებიც. მაგალითად, თუ დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავალია 1 000 ლარი, საპენსიო სისტემაში დასაქმებული გადაიხდის 20 ლარს, 20 ლარს სახელმწიფო და 20-საც დამსაქმებელი.

მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო აქტივში გადახდილი თანხის არსებობა ავტომატურად ზრდის დამსაქმებლის მხარჯველობით ტვირთს, დასაქმებულის ხელფასის 2%-ის პროპორციულად. დასაქმებული ვალდებული იქნება ისევ გადაიხადოს საშემოსავლოს გადასახადი 20%-ს ოდენობით, ხოლო დამსაქმებელს ემატება ვალდებულება წინასწარ განსაზღვრულ ანაზღაურებას დაუმატოს საპენსიო ფონდში გადახდილი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს ოდენობით. დიდი შანსია, რომ საგადასახადო სისტემაში ამგვარმა ცვლილებამ, კერძოდ კი დამსაქმებლის იძულებამ, გადაიხადოს დასაქმებულის ხელფასის დამატებითი 2%, შექმნის ხელფასის შემცირების მოთხოვნას.

ეს ნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით, მთავრობა ზრდის გადასახადის ოდენობას 22%-მდე, რომლიდანაც 22%-ს გადაიხდის დასაქმებული, ხოლო დამატებით 2%-ს დამსაქმებელი გადაიხდის. საინტერესოა, რომ პროგრამის ამუშავებისთანავე დაგროვებითი საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული მოქალაქე, და სისტემიდან გამოსვლის საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დასანერგად, მთავრობას მოუწევს საერთო სახელმწიფო რეფერენდუმის დანიშვნაც ან საკონსტიტუციო ნორმის ცვლა, რადგან, დასაქმებულის თანხმობა ავტომატურად ნიშნავს დამსაქმებლის დავალდებულებას იხადოს ხელფასის დამატებით 2%. კონსტიტუცია გადასახადების გაზრდაზე ამბობს : „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებასთან ერთად, მთავრობა აპირებს სახელმწიფო სოციალური პენსიის დატოვებასაც. გამოდის რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა იქნება სახელმწიფო სოციალური პენსიის დანამატი, რომელიც როგორც საპენსიო სამსახურში აცხადებენ, ინფლაციის გათვალისწინებით დღევანდელი პენსიის (160 ლარი) ეკვივალენტი იქნება. ამ ვითარების გათვალისწინებით, რთული სათქმელი იქნება, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო შეამციროს სამთავრობო ხარჯი სოციალური დახმარებების ნაწილში.

აღნიშნული რეფორმა შეეხება დღევანდელი მოსახლეობის დაახლოებით 15-20%-ს. დანარჩენი მოსახლეობა ან უმუშევარია ან თვითდასაქმებული. საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს უმუშევარი მოსახლება 13%-ს, ხოლო თვითდასაქმებული მოსახლეობა 48%-ს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, პროექტის მომავალ ბენეფიციარებს დაუწესდებათ ზედა ასაკობრივი ლიმიტიც.

ამ სისტემის ჩაშვებისას, სისტემაში ყველა დასაქმებული ავტომატურად ჩაერთვება, თუმცა, ექნებათ 6 თვიანი ვადა, რომ უარი თქვან და გამოვიდნენ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან. ამ სისტემით, შრომისუნარიანი ადამიანის პენსია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი გამოიმუშავა ცხოვრების განმავლობაში, რამდენი იყო მისი ანაზღაურება და რამდენი შეიტანა მან საკუთარი საპენსიო ფონდის ანგარიშზე.

პროექტი მრავალწლიანია. რისკების დივერსიფიკაციის მიზნით, ფონდის ნახევარზე მეტი ჩაიდება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო დანარჩენი უცხოეთისაში. გაურკვეველია ისიც, თუ კონკრეტულად საითკენ იქნება მიმართული და ვის ხელში აღმოჩნდება ეს თანხა.

ბოლო წლებში განსაკუთრებული სისწრაფით იცვლება თანაფარდობა პენსიონერებსა და შრომისუნარიან მოსახლეობას შორის. საბიუჯეტო სახსრების საყოველთაო პრინციპზე დატოვება მხოლოდ გაზრდის ვალდებულებით ნაწილს და ხელს ვერ შეუწყობს ფულის რაციონალურ გადანაწილებას.

პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ბენეფიციარმა საპენსიო სისტემაში შენატანები განახორციელოს ათწლეულების განმავლობაში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი სიბერისთვის საჭირო საკმარისი თანხა დაუგროვდეს. საუბარია დაგროვების 20, 30 და 40 წელზე. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყველა ხელისუფლების ცვლის შემდეგ, ყველა ახალმა ხელისუფალმა გააგრძელოს და განავითაროს სისტემა, რაც გამომდინარე ქართული პოლიტიკის არასტაბილურობიდან, დამატებითი  რისკია. მსოფლიოში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დაგროვებითი სისტემები ხშირ შემთხვევაში კოტრდებიან, რადგან ნებისმიერ დროს, როდესაც მთავრობას ექმნება ლიკვიდურობის პრობლემა, მთავრობა იყენებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანხებს და მათ შესავსებად იღებს დამატებით ვალს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახეზე გვაქვს მოსახლეობის დაბერება, ფაქტია, რომ  წლების განმავლობაში გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯვითი ტვირთი. მაგალითად – დღეს, საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებს დაახლოებით 700 000 ადამიანი, ხოლო სახელმწიფოსგან მათ მიმართ აღებული ვალდებულებების დასაფარად იბეგრება დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანი. ამის საპირისპიროდ, უნდა მოხდეს ხარჯების მიზნობრივი, სოციალურ სიდუხჭირეზე დამოკიდებული გადანაწილება.

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, საბიუჯეტო დახმარების მიმღები ყველაზე დიდი ჯგუფი ასაკოვანი ადამიანები არიან, მიუხედევად იმისა, რომ სტატისტიკურად, ნახევარზე მეტი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრეობს საშუალო და შეძლებულ ოჯახში. 65 ათასი ასაკოვანი ცხოვრობს დაახლოებით თვეში 10 000 ლარი შემოსავლის მქონე ოჯახში, ხოლო 32 ათასი ასაკოვანი 250 ლარი შემოსავლის მქონე ოჯახში.

ზემოთ ხსენებული საოჯახო მეურნეობების მიერ შემოსავლების განსხვავებულობის  გათვალისწინებით, ნათელია, რომ საპენსიო რეფორმა უნდა განვითარდეს არა საყოველთაობის, არამედ მიზნობრიობის გათვალისწინებით და დაეფუძნოს მხოლოდ ღარიბი მოსახლეობის დახმარებას, რადგან ფაქტია, რომ ყველა ვერ დააგროვებს და ყოველთვის იარსებებს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერ იარსებებს.

საჭიროა ოჯახური მეურნეობების შემოსავლების აღრიცხვა და დახმარების მიზნობრივი გადანაწილება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ოჯახის წევრების რაოდენობითა და ოჯახის წევრების საერთო შემოსავლებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ავცდებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის არგუმენტად მოყავანილ საბიუჯეტო ხარჯების ზრდას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s